top of page
cover-final.jpg

სასამართლო კამერებს მიღმა

სასამართლო პროცესების მედია-გაშუქება: ისტორიული კონტექსტი და საერთაშორისო გამოცდილება

ონლაინმედია „ინდიგოს“ უჩვეულო სამუშაო გარემოში 25 ივლისს მოვხვდი, როცა პოლიტპატიმარმა, გიორგი ახობაძემ, სასამართლოზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. მაგიდაზე  პროცესის ფრაგმენტული ჩანახატები ეწყო, სასამართლოდან დაბრუნებული ჟურნალისტი რვეულში ჩაწერილ ფრაზებსა და სკეტჩებს აკავშირებდა, ფოტოებს იღებდა და რედაქტორებთან ერთად ამონტაჟებდა ვიდეოს, რომელიც სამსაათიანი ემოციური სასამართლო პროცესის შესახებ რამდენიმე წუთში გვიყვება.

 



 

2025 წლის 30 ივნისიდან "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესული ცვლილებებით შეიზღუდა სასამართლო პროცესების ფოტო-ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა.  ცვლილებები მოჰყვა საპროტესტო აქციებზე  დაკავებული მოქალაქეების ხმაურიან სასამართლო პროცესებს, რომლებიც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრში მოექცა. მედიებმა მაყურებლამდე მიიტანეს ბევრი ხარვეზი,  მოწმე პოლიციელების ჩვენებებს შორის შეუსაბამობები, ექსპერტების დასკვნები, გამოუსადეგარი მტკიცებულებები. მას შემდეგ, რაც სასამართლოს დარბაზები კამერებისთვის დაიხურა, შეიცვალა მედიების დღის წესრიგი, დამოუკიდებელიმა ჟურნალისტებმა იპოვეს ვიზუალური თხრობის ახალი ხერხები. კადრები ნახატებმა, კომიქსებმა, ლაივბლოგებმა ჩაანაცვლა, განსხვავებული ფორმებით, მაგრამ მაინც ვხედავთ სასამართლო დარბაზს, მაინც გვესმის პოლიტპატიმრების ხმა.

როგორ შეცვალა მედია დღის წესრიგი
საკანონმდებლო ცვლილებებმა?
მედია და სასამართლო საქართველოში | ისტორიული რაკურსი

იურისტი, ანა პაპუაშვილი, საკუთარ აზრს გვიზიარებს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და გვეუბნება, რომ გადაღების სრული აკრძალვა ნებისმიერ შემთხვევაში გაუმართლებელია. კამერების ბლანკეტურ აკრძალვამდე საქართველოს კანონმდებლობით პროცესების გაშუქება იზღუდებოდა არასრულწლოვნების ინტერესების, პროცესის მონაწილეთა ან ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ხოლო გადაწყვეტილებას მოსამართლე იღებდა, რომელსაც ყველაზე უკეთ უნდა ესმოდეს საქმის გარემოებები. ახალი კანონით კი გადაწყვეტილებას იუსტიციის უზენაესი საბჭო იღებს, რაც ცენტრალიზებული მმართველობის მაგალითს ქმნის:
 

“სანდრო გირგვლიანის საქმისა და პოლიტპატიმრების საქმეების პარალელურად მიღებულ ცვლილებებში, ჩემი აზრით, საკმაოდ მარტივია კავშირების დანახვა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეები მმართველი რეჟიმისთვის პრობლემურია და მას არ სურს, საზოგადოებამ დაინახოს რეალობა.  2025 წლის თებერვალში სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა ჩაატარა მოსახლეობის განწყობის კვლევა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 76.3% პატიმრების განთავისუფლებას მხარს უჭერს.  ამას ემატება ისიც, რომ დამოუკიდებელი მედიები კარგად მუშაობენ საზოგადოების სრულყოფილად ინფორმირებისათვის, რასაც რეალური გავლენა აქვს საზოგადოებრივ აზრზე.  დაკვირვების ქვეშ არიან პროცესის სხვა მონაწილეებიც: მოწმეები, პროკურორები და რაც მთავარია - მოსამართლეები, ამას ასევე თან ახლავს საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება და მოსამართლეების სანქცირება, რაც რთული იქნებოდა პროცესების არასაჯაროობის პირობებში. სასამართლო რეფორმა ევროკავშირის რეკომენდაციების ერთ-ერთი საკვანძო ნაწილია. ქვეყანა კი რეფორმის ნაცვლად, მცირე გაუმჯობესებასაც აუქმებს. ცხადია, მსგავსი ცვლილებები ძალიან დააზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს, თუ ამ პროცესისგან რაიმე ჯერ კიდევ დარჩა”.


დამოუკიდებელი მედიების მუშაობა სასამართლოში

ნათია ამირანაშვილი, ონლაინგამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტი, გვიყვება, როგორ მუშაობდნენ ჟურნალისტები სასამართლოს შენობაში და რა გზები იპოვეს ამბების მოსაყოლად მაშინ, როცა კამერების  გარეთ დატოვება მოუწიათ:
 

“ონლაინმედიებისთვის არც ამ აკრძალვებამდე ყოფილა მარტივი სასამართლოში გადაღების ნებართვის მოპოვება. სექტემბრიდან კი  ერთი გადაწყვეტილებით  აიკრძალა ჩვენი მუშაობა სასამართლოში, თუმცა  მოვნახეთ გზა ჩვენი კოლეგების დახმარებით, შევსულიყავით დარბაზში.  შეიქმნა, ფაქტობრივად, საერთო ვიზუალური მასალა, რომელსაც სხვა მედიებიც იყენებდნენ. დარბაზში მუშაობა რთული პროცესი იყო ჩვენთვის, არ გვქონდა გარეთ გასვლის უფლება, კადრის რაკურსაც კი ასწორებდნენ, კამერაზე ხელს აფარებდნენ - ამ სიძნელეების მიუხედავად, ვახერხებდით პოლიტპატიმრების ამბები და ცხადი უსამართლობა ხალხამდე მიგვეტანა.

გადაღების აკრძალვის შემდეგ პუბლიკამ არქივის გამოყენება დაიწყო, ფრაზებს, რეპლიკებს საინფორმაციო ქარდებზე ვწერთ, ვიზუალური კონტენტის შესაქმნელად დავიწყეთ პროცესის ხატვაც შეძლებისდაგვარად,
ლაივბლოგები პროცესებიდან. თუმცა ხატვის ან წერის რა დიდი ნიჭიც უნდა გქონდეს, შეუძლებელია ის ცოცხალი ემოცია, გაბრაზება, უსამართლობა, რეაქცია, რეპლიკა ზუსტად მიიტანო აუდიტორიამდე".

​​
 

“ჩემი დაკვირვებით, ზოგი დაინტერესებულია, რა ხდება სასამართლოში, თავად იძიებს სიახლეებს, მაგრამ არის ადამიანების კატეგორია, რომელიც არც გულგრილია, მაგრამ არც იმდენად მონდომებული, რომ დამოუკიდებლად მოიპოვოს ინფორმაცია, ამ კატეგორიის ადამიანებთან ვიზუალური მასალის გარეშე გაგვიჭირდა კომუნიკაცია.

 

ჩვენთვის სასამართლოს დახურვის დღე დაემთხვა ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალების ამბავს, როცა ონისე დარბაზში შემოვიდა, მე, როგორც ჟურნალისტი, ვიყავი სრულიად თავზარდაცემული და შოკირებული, ემოციებმა ხელი შემიშალა, რომ მისი სიტყვები კალმით ჩამეწერა. ამის შემდეგ გავიაზრე, რომ პანიკას არ უნდა ავყოლოდი და როგორმე პატიმრების ხმა ხალხისთვის უნდა მიმეწვდინა. სხვა ბევრი ემოციური სხდომა ჩატარდა კამერების გარეშე, ნიკა კაციას დედის დაკითხვა, გიორგი ახობაძის სიტყვით გამოსვლა, ნამდვილად არც ერთ წინადადებას არ შეუძლია პროცესის აბსურდულობა და ამხელა უსამართლობის განცდა აღწეროს".

​​
 

“მმართველი ძალა შეწუხდა, რომ მედიამ შეულამაზებელი სიმართლე გააშუქა. შეწუხდნენ ცრუმოწმეები, უსამართლო გადაწყვეტილებების მიმღები მოსამართლეები, რომ კრიტიკის ობიექტები გახდნენ. მაგრამ, ვფიქრობ, მედიებისთვის სხდომების დახურვა დააგვიანდათ. საქმის არსებითი განხილვები დასასრულისკენ მიდის, ძირითადი მოწმეებიც დაკითხეს, არქივში უკვე ინახება ყველა ცრუ მოწმის ერთმანეთისგან გამომრიცხავი ჩვენებები, პროკურორების, მოსამართლეების ვინაობა, პოლიტპატიმრების სიტყვით გამოსვლები - ეს მასალა ამხელს რეჟიმს პირდაპირ და ობიექტურად და სწორედ ეს მასალა დარჩება ისტორიას”.


"ქართული ოცნების" წევრების მოსაზრებები კანონის შესახებ

პოლიტიკურად მართული და პოლიტიზებული მედიის წარმომადგენლების მთავარი მიზანი სასამართლოს საქმიანობაში ჩარევაა. ყველა ცდილობს, შოუ დაიდგას და სასამართლო სხდომები არ ჩატარდეს.

 

არჩილ გორდულაძე

მიზანმიმართულად აწყობენ ცირკს სასამართლო დარბაზებში, გვინდა, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც ბევრ ევროპულ ქვეყანასა და აშშ-შია, სხდომები დახურული იქნება მედიისთვის

 

კახა კალაძე

სასამართლო განხილვები ვერ იქნება ბაკქანალიის წყარო და ვერ იქნება ნიადაგი სადაც ხდება ეს არეულობა და ქაოსი

 

 

 

დავით მათიკაშვილი

როგორია აშშ-სა და ევროკავშირის პრაქტიკა? 

ევროკავშირში სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლოს, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპი მთავარი ღირებულებებია, რომლებიც დაცულია არაერთ მნიშვნელოვან დოკუმენტში: ადამიანის უფლებათა კონვენცია, ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტია, ევროპის საბჭოს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.  

 

ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო (CCJE) ევროსაბჭოს მმართველი ორგანოს მიერ შექმნილი მოსამართლეთა ჯგუფია, რომელიც სასამართლო სისტემის გლობალური გამოწვევების საპასუხოდ ყოველწლიურად ამზადებს ზოგადი სახის სარეკომენდაციო დოკუმენტს. პლენარული სხდომის მიერ დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ კი რეკომენდაციები პრაქტიკულად გამოიყენება ევროსაბჭოს  წევრ სახელმწიფოებში. საქართველო ევროპის საბჭოს წევრი 1999 წლიდანაა და, შესაბამისად, იღებს ვალდებულებას, გაითვალისწინოს და დაამკვიდროს ევროპული სტანდარტები, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და საჯაროობის შესახებ.

CCJE-ს რეკომენდაციები ერთგვარი მოდელია სამართლებრივი რეფორმებისთვის, რომელსაც ეყრდნობა ევროსაბჭოს სხავდასხვა სტრუქტურა.​ რეკომენდაციული დოკუმენტი Opinion No.7(2005)  პირდაპირ მიმოიხილავს სასამართლო უწყების კომუნიკაციის  სტანდარტებს მედიასთან.


მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომისია (CEPEJ) ევროსაბჭოს სტრუქტურაში შემავალი კიდევ ერთი ორგანოა, რომელიც ამზადებს შეფასებებსა და სახელმძღვანელოებს.  2018 წლის დოკუმენტში-“სასამართლოებისა და პროკურატურის ორგანოებისთვის მედიასთან და საზოგადოებასთან კომუნიკაციის სახელმძღვანელო"-დეტალურადაა მიმოხილული სასამართლოსა და მედიის ურთიერთობის საკითხები.

ევროპული პრაქტიკა მართმსაჯულების შესახებ ეყრდნობა ცნობილ გამონათქვამს: “Justice must not only be done, but must also be seen to be done” (სამართლის აღსრულება არ არის საკმარისი, ხალხმა უნდა დაინახოს, რომ სამართალი აღსრულდა), რომელიც  მე-20 საუკუნის ინგლისელ მოსამართლეს, ლორდ გორდონ ჰიუარტს ეკუთვნის.
 

სამართლებლივი დოკუმენტები და ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ცდილობს დააბალანსოს ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-6 მუხლი (საქმის სამართლიანად წარმოების უფლება), მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) და მე-10 მუხლი (გამოხატვის თავისუფლება).

ევროპულ სასამართლოში პრესისა და ინფორმაციის შეზღუდვა შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ ობიექტურ, სამართლიან მიზნებს: მხარეთა ინტერესების, სასამართლოს ობიექტურობის, მიუკერძოებლობის დაცვას. წევრი ქვეყნების ეროვნულ კანონმდებლობაში გათვალისწინებულია ევროკავშირის რეკომენდაციები განსხვავებულია მიდგომებით, 
ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში გადაღების აკრძალვა არ არის ბლანკეტური.

საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითები

გერმანიაში იკრძალება სასამართლო პროცესების ვიდეო-აუდიო ჩაწერა (§169 Courts Constitution Act), გარდა  გამონაკლისი შემთხვევებისა. გერმანიის კონსტიტუციით (Grundgesetz), ადამიანის ღირსების დაცვა მთავარი ღირებულებაა, ამიტომ სასამართლო განსაკუთრებით მკაცრია პროცესის დეტალების გაშუქებისადმი, როცა საქმე ეხება მგრძნობიარე თემებს, სექსუალური ძალადობის მსხვერპლებსა და არასრულწლოვნებს. 2008 წლის გადაწყვეტილებით გერმანიაში მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, სასამართლო დარბაზში გადაღება შესაძლებელი გახდა. გადაწყვეტილებაში ნახსენებია, რომ სხდომების გაშუქება შედის სასამართლოს ინტერესებშიც, რადგან აუდიო-ვიზუალური ჩანაწერები ზრდის საზოგადოების ცნობიერებას.

dutch-flag-513659_960_720_edited.jpg

​ნიდერლანდებში ჟურნალისტებს შეუძლიათ 24 საათით ადრე მოითხოვონ პროცესის გადაღების უფლება. მოთხოვნას განიხილავს მოსამართლე, რომელიც ვალდებულია, საკუთარი გადაწყვეტილება საჯაროდ გამოაქვეყნოს და განმარტოს უმოკლეს ვადაში. სასამართლო დარბაზის გარეთ კი ფოტო-ვიდეო გადაღება ნებადართულია წინასწარი მოთხოვნის გარეშე.

საფრანგეთში პროცესების გადაღება შესაძლებელია მაღალი საჯარო ინტერესის, საგანამათლებლო, მეცნიერული ან არქივის შექმნილის მიზნით. 

supreme-court-773-ap_edited.jpg
entrance-to-the-palais-de-justice-in-par

განსხვავებული სიტუაციაა აშშ-ში. გადაღება დასაშვებია შტატის სასამართლოში, პროცესების სრულ ვიდეო არქივებზე წვდომა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ფედერალურ სასამართლოებში კი გადაღება უმეტესად იკრძალება. ამის მთავარი მიზეზი გახდა პრეცედენტი,  O.J. Simpson-ის ე.წ “საუკუნის პროცესი” (1994–1995),  რომელიც CNN-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და მილიონობით მაყურებელი ჰყავდა. თუმცა პირდაპირ ეთერში შუქდებოდა აშშ-ს ბოლოდროინდელი ყველაზე გახმაურებული საქმე Johnny Depp vs. Amber Heard (2022), ვირჯინიის შტატის მოსამართლემ ტრანსლაციის ნებართვა გასცა საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მიუხედავად ემბერ ჰერდის ადვოკატების წინააღმდეგობისა, რომ პროცესი შეიცავდა პირადი ცხოვრების ინტიმურ დეტალებს. 

როგორია მედიისა და სასამართლოს ურთიერთობა არადემოკრატიულ ქვეყნებში?

რუსეთში ვიდეო-ფოტო გადაღება და აუდიო ჩაწერა დაშვებულია მხოლოდ მოსამართლის ნებართვით.  მუხლები, რომლებიც წერია სასამართლო პროცესის ფედერალური კანონში, სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის პროცესში, ფორმალურად ჰგავს ევროკავშირის კანონებს. მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსის 241-ე მუხლში მითითებულია, რომ სასამართლოს საჯაროობა შეიძლება შეიზღუდოს მხარეთა ინტერესების, სახელმწიფო უსაფრთხოების, ან საიდუმლოებების დაცვის მიზნით. პროცესების გაშუქების შესახებ ნებართვას გასცემს მოსამართლე. 

 

არადემოკრატიულ ქვეყნებში, რომლებშიც სასამართლო, როგორც დამოუკიდებელი, სანდო ინსტიტუტი, არ არსებობს, უმნიშვნელოა, რა წერია ფორმალურ დოკუმენტებში. კანონის აღსრულება შესაძლოა დაეყრდნოს ამ კანონის ნებისმიერ ინტერპრეტაციას, თუმცა რუსეთში ფორმალურადაც ლეგიტიმურია კანონები, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. 

 

განსაკუთრებით რთულია ინფორმაციის მოძიება აქტივისტების, ოპოზიციონერების, აგენტობის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო პროცესების შესახებ. რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, ბოლო პროცესი (2024) სრულიად დახურულ ფორმატში ჩატარდა “პროვოკაციების თავიდან აცილებისა და საიდუმლო მოწმეების დაცვის მიზნით”.  მას არა სასამართლო დარბაზში, არამედ კოლონიაში გამოუტანეს განაჩენი და მიუსაჯეს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნისა და დაფინანსების ბრალდებებით. პროსახელისუფლო მედიებმა საქმე მხოლოდ სახელმწიფო გამომძიებელთა პოზიციაზე დაყრდნობით გააშუქეს. 2025 წელს დააკავეს ნავალნის ადვოკატებიც ოპოზიციონერი ლიდერის მესიჯების გავრცელებისთვის.

Screenshot 2025-07-28 at 13.06.19.png

გამოცემა France 24-ის სტატიაში  ადვოკატების ფოტო ეკუთვნის რუს ფოტოგრაფს, პაველ ბენდიაკოვს, რომელიც Associated Press (AP)-ის წარმომადგენელია. მიუხედავად შეზღუდვებისა, რუსეთში, სასამართლო სხდომებზე, საერთაშორისო ფოტოგრაფებს სპეციალური პირობებით აქვთ გარკვეული ფოტოების გადაღების უფლება. პაველს “ინსტაგრამით” დავუკავშირდით, დეტალები არ გაგვიზიარა, თუმცა გვითხრა, რომ მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას, პროცესის რა ნაწილი უნდა გადაიღოს ფოტოგრაფმა, ვინ გადაიღოს და როდის. რეალურად, ეს ფოტოები არ აშუქებს სასამართლო პროცესის საინტერესო დეტალებს. ჟურნალისტების დაშვებით რუსული სასამართლო ცდილობს, ღიაობის ილუზია შექმნას საერთაშორისო მედიაში, კადრებს კი პროსახელისუფლო მედიები იყენებენ, როგორც პროპაგანდისტული ნიუსების ვიზუალურ ფონს.

 

დემოკრატიული და არადემოკრატიული ქვეყნების კანონმდებლობებში შესაძლოა, არსებობდეს ზედაპირული მსგავსება, თუმცა როდესაც სასამართლო ფორმალური ინსტიტუციაა, იღებს მიკერძოებულ, არასამართლიან გადაწყვეტილებებს, კანონი ხდება არა ადამიანის უფლებების, თანასწორობის დაცვის, არამედ რეპრესიების მექანიზმი.

რატომ არის შეუსაბამო ევროკავშირისა და ქართული პრაქტიკის შედარება?

  • ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში სასამართლოში მედიის წვდომის შეზღუდვა ობიექტურ მიზეზებს, ძირითადად მხარეთა ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოების, პირადი ინფორმაციის დაცვას ემსახურება. 
     

  • არც ერთ წევრ სახელმწიფოში არ მოქმედებს სრული/ბლანკეტური აკრძალვა. 
     

  • აკრედიტაციის მიღება შეუძლიათ როგორც მაუწყებლობებს, ისე ონლაინ მედიებს. პროცესი კი გამჭვირვალეა, გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე, რომელიც ვალდებულია, დასკვნა დასაბუთებულად, უმოკლეს დროში წარმოადგინოს. საქართველოში კი მედიისთვის შეზღუდვების ამოქმედებიდან პირველად, 30 ივლისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესის გადაღების ნებართვა მისცა მხოლოდ TV იმედსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს. როგორც სხვა მედიები ამბობენ, მათ არათუ უარი, არამედ პასუხიც არ მიუღიათ შეტანილ განცხადებაზე. ბუნდოვანია, რა კრიტერიუმებით გასცემს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აკრედიტაციას და რატომ მიიღო გადაღების პრივილეგია კერძო მედიამ, რომელიც საეთერო დროს არ უთმობს სასამართლო სხდომებს და სოციალურ პლატფორმებზეც უკიდურესად უარყოფით კონტექსტებს ქმნის. 
     

  • ევროკავშირი მედიას ხშირად მოიხსენიებს ტერმინით “Watchdog” (დემოკრატიის მცველი), არსებობს არაერთი აქტი, დოკუმენტი თუ ინიციატივა, რომლებიშიც დაცულია ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და ინფორმაციის თავისუფლების გარანტიები. მაგალითად, ასეთია “მედიის მრავალფეროვნებისა და თავისუფლების დაცვის აქტი, სპეციალური ფონდები აფინანსებენ დამოუკიდებელ მედია პროექტებს. ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს ფაქტების გადამოწმებას, როგორც დემოკრატიის დაცვისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მექანიზმს.
     

  • 2012 წელს ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ შექმნა პოლიტპატიმრის დეფინიცია. პოლიტპატიმრის სტატუსი სამართლებრივად არ არსებობს, თუმცა პრაქტიკაში არაფორმალური სტატუსი ენიჭებათ იმ ადამიანებს, რომლებიც გარკვეული ორგანიზაციების ან ექსპერტთა ჯგუფების შეფასებით, იხდიან სასჯელს პოლიტიკური მოტივებით. ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობაზე აქტიურად საუბარი საერთაშორისო და ადგილობრივ მედიაში უკვე ეჭვქვეშ აყენებს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და გამჭვირვალობას. ასეთ დაძაბულ ვითარებაში მედიასთან აქტიური მუშაობა თავად სასამართლოს ინტერესსაც უნდა წარმოადგენდეს. მით უმეტეს, საქართველოში უკვე დიდი ხანია საუბარია ე.წ მოსამართლეთა კლანის არსებობის შესახებ.
     

  • ფაქტი, რომ მოსახლეობის 76.3% პატიმრების გათავისუფლებას უჭერს მხარს, ადასტურებს სასამართლოს მიმართ საზოგადოების უნდობლობას. ამ მონაცემებით, თავად “ქართული ოცნების” მხარდამჭერებიც კი იზიარებენ საპორტესტო მსვლელობის მთავარ მოთხოვნას. 
     

  • “ცირკი”, რომელიც კახა კალაძემ ახსენა, შინაარსობრივად მედიათეატრალიზაციის მსგავსი ტერმინია, თუმცა ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ იმ სამართლებრივი დავების შემთხვევაში, რომლებიც პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას შეიცავენ, მაყურებლისთვის პროცესი გასართობ სატელევიზიო შოუდ აღიქმება და ირღვევა პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება. მედიათეატრალიზაციით ვერ გავამართლებთ მედიისთვის სხდომების დახურვას პოლიტიკურად დაძაბულ რეალობაში, როდესაც სასამართლო პროცესებს სანქცირებული მოსამართლეები უძღვებიან და როდესაც მოქალაქეების  უმრავლესობა დემოკრატიული ქვეყნის  საფუძველს, სასამართლოს, არ ენდობა.

cover-final.jpg

თუ წლების განმავლობაში ვიზუალურ-გამომსახველობითი მასალებითაც ვერ მოიპოვა სასამართლომ დამოუკიდებელი ინსტიტუციის სტატუსი, როგორც საკუთარი მოქალაქეების აღქმაში, ისე საერთაშორისო დონეზე, რამდენად მოახერხებენ ამას სანქცირებული მოსამართლეები კამერებს მიღმა დარჩენილ დარბაზებში?

სტატია მოამზადა ცისია მოისწრაფეშვილმა
მითების ლაბორატორია

bottom of page